სამოქალაქო პლატფორმა არა-ფობიას საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესდა. მიღებული დადგენილებით გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრის (ახალი წლის) და 6-7 იანვრის (შობის) ღამეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და "განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიური უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად".
"ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოა მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საპირისპიროდ (რაც მოიაზრებს უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას) ცხადად მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მხოლოდ უმრავლესობის პერსპექტივიდან იღებს.
ახლა, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და ყველას თანასწორუფლებიანობაზე მკაფიო ხაზგასმა, ხელისუფლება, მსგავსი განცხადებებით ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და კიდევ უფრო აღრმავებს უსამართლობის განცდას",-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამოქალაქო პლატფორმა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ იმოქმედოს სეკულარიზმის, თანასწორობის და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით და თანაბარი წესი გაავრცელოს ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე და გაიაზროს რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე, კონსულტაციები გამართოს რელიგიური ორგანიზაციების ფართო სპექტრთან.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- მედიის განვითარები ფონდი (MDF)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- თანასწორობის მოძრაობა
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
- თბილისი პრაიდი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საფარი
- უფლებები საქართველო
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ცნობისთვის, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.